• ატ 3-2 ავტოტრანსფორმატორების ჯგუფის მიწოდება და შეფმონტაჟი ქვესადგურში „გარდაბანი-500“

ჩვენი კომპანია 2022 წლის სექტემბრის თვეში დადგა გამოწვევის წინაშე, მონაწილეობა მიეღო სს გეს „საქრუსენერგო“-ს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, გარდაბნის ქვესადგურში ოთხი კომპლექტი ცალფაზა 133 მვა სიმძლავრისა 330/220/10,5 კვ ძაბვის ავტოტრანსფორმატორების მიწოდებასა და შეფმონტაჟზე.

მონაწილე ავტორიტეტულ კომპანიებთან კონკურსში გამარჯვება  არ იყო მარტივი, თუმცა,  ჩვენს მიერ შეთავაზებული წინადადება - 2022 წლის ბოლომდე მიწოდების დასრულებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც კომპანიისათვის შეთავაზებული ფასი აღმოჩნდა გადამწყვეტი.

"საქრუსენერგოსთან" გაფორმებული კონტრაქტის თანახმად ოთხივე კომპლექტი ავტოტრანსფორმატორების მიწოდება და შეფმონტაჟი უნდა დასრულებულიყო 2022 წლის 26 დეკემბრამდე. ნორმალურ პირობებში მსგავსი ტიპისა და კომპლექტაციის ავტოტრანსფორმატორების მიწოდებისათვის საჭირო დრო მინიმუმ 8 თვეს შეადგენს, რაც დღეისათვის შექმნილი სიტუაციის პირობებში ძალიან ოპტიმისტურია.

როგორც ცნობილია, ავტოტრანსფორმატორების ჯგუფის მიწოდება გარდაბნის ქვესადგურში წარმოადგენდა საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 2022-2032 წწ ათწლიანი გეგმით გათვალისწინებული 330 კვ ეგხ „გარდაბანი-აღსტაფას“ გაორჯაჭვიანების პროექტის შემადგენელ ნაწილს. 330 კვ ეგხ „გარდაბანი-2“ იმყოფებოდა რეზერვში გარდაბნის ქვესადგურში ახალი ატ 3-2-ის ავტოტრანსფორმატორების ჯგუფის დამონტაჟებამდე.

აქედან გამომდინარე ატ 3-2 ავტოტრანსფორმატორების ჯგუფის გარდაბნის ქვესადგურში მიწოდება და ექსპლუატაციაში შეყვანა ქვეყნის ენერგოსისტემისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა.

2022 წლის 1 სექტემბერს გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნორიორობის ხელშეკრულება ბაქოს ტრანსფორმატორების მწარმოებელ კომპანიასთან ATEF GRUP.  ჩვენს კომპანიებს შორის ჩამოყალიბებული კარგი პარტნიორული დამოკიდებულების საფუძველზე ქარხნის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ქარხანას ემუშავა 24 საათიან რეჟიმში, რამაც საშუალება მოგვცა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა მზა პროდუქციის ტრანსპორტირებისა და ადგილზე დამონტაჟების ვადები.

გარდაბნის ქვესადგურისათვის განკუთვნილი ცალფაზა ავტოტრანსფორმატორების აწყობა და ტესტირებები ბაქოს სატრანსფორმატორო ქარხანაში მიმდინარეობდა სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და სს გეს “საქრუსენერგოს" წარმომადგენლების მონაწილეობით და თანდასწრებით. გარდაბნის ქვესადგურში ავტოტრანსფორმატორების მონტაჟი და სისტემაში ჩართვა განხორციელდა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სპეციალისტების მონაწილეობით და ტრანსფორმატორების მწარმოებელი ქარხნის შეფ-ინჟინრის ზედამხედველობით.

2022 წლის 31 დეკემბერს ტესტირების შემდეგ, წინასაახალწლოდ, ახალი ავტოტრანსფორმატორი ატ 3-2 წარმატებით იქნა ჩართული საქართველოს ენერგოსისტემაში. აღნიშნულით შესაძლებელი  გახდა 330 კვ ეგხ “გარდაბანი-2“-ის სრულფასოვნად ჩართვა საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებში. ეგხ “გარდაბანი-1“ და “გარდაბანი-2“ ჯამურად შეძლებს 700 მგვტ-მდე ელექტრო ენერგიის გატარებას.

განხორციელებული პროექტით საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს შორის შესაძლებელი გახდა შეფერხების გარეშე პარალელურ რეჟიმში ფუნქციონირება და დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზებით (330 კვ ეგხ “გარდაბანი-1“ და “გარდაბანი-2“, 500 კვ ეგხ “მუხრანის-ველი“) 1400 მგვტ-მდე ელექტროენერგიის მიმოცვლა. ეს კი მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და უსაფრთხოებას და ამაღლებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უწყვეტი ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობას.


ელ.ფოსტა

info@bemoni.com

ტელეფონი

032 219 30 70

მისამართი

თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი N24 ბ, VI სართული

დაგვიკაშვირდით