ჰიდროელექტროსადგურები

ჰიდროელექტროსადგურები საქართველოს ელექტროენერგიით მომარაგების მთავარი წყაროა. ქვეყნის დაახლოებით 60 % ელექტროენერგია ადგილობრივ ჰესებზე მოდის. დანარჩენი კი, ძირითადად იმპორტის შედეგად მიიღება. საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა ზომისა და სიმძლავრის ჰესების მშენებლობა. ამისთვის, ცხადია, საჭიროა საფუძვლიანი კვლევები, სწორი გათვლები და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის სრულყოფილი წარმოება, რის შედეგადაც, უკვე შესაძლებელი იქნება მშენებლობის დაწყება.

ჩვენი გუნდი მზად არის ქვეყნისთვის ამ სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტების დახმარებით ნებისმიერი მასშტაბისა და სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ითაოს.

ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში დიდი ტრადიცია აქვს. ელექტროენერგიის წარმოება ქვეყანაში მე-19 საუკუნის ბოლოდან დაიწყო, როდესაც ქართული დრამატული თეატრისა და სახაზინო თეატრის გასანათებლად თბური ძრავები და მცირე სიმძლავრის თბოელექტროსადგური დამონტაჟდა. პირველი ჰესი საქართველოში 1898 წელს აშენდა ბორჯომში. მისი სიმძლავრე, სულ რაღაც, 103 კილოვატი იყო. 1913 წლისთვის საქართველოში უკვე 7 ჰესი მუშაობდა, თუმცა, ასევე ძალიან დაბალი სიმძლავრით.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ელექტროფიკაციის საკავშირო გეგმის შედეგად, 1922 წელს დაიწყო ზაჰესის, 1927 წელს კი რიონჰესის უფრო დიდი სიმძლავრის სადგურების მშენებლობა. ეს ჰესები წლების განმავლობაში უზრუნველყოფდნენ თბილისისა და ქუთაისის ელექტროენერგიით მომარაგებას.

მოგვიანებით ქვეყნის მასშტაბით კიდევ არაერთი პატარა ზომის ჰესი აშენდა, მტკვარზე, რიონზე, არაგვზე და სხვა მდინარეებსა და  შენაკადებზე. ქვეყნის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა კი, 1961 წელს დაიწყო. ეს იყო ენგურჰესი, რომლის მშენებლობა 1987 წელს დასრულდა და ქვეყნის ელექტროენერგიით მთავარი მომმარაგებელი გახდა. ენგურის კაშხალი მსოფლიოს თაღოვან კაშხალთა შორის ერთ-ერთი უმაღლესია. მისი სიმაღლე 271.5 მ-ია. ენგურჰესის დადგმული სიმძლავრე 1300 მგვტ-ია.




ელ.ფოსტა

info@bemoni.com

ტელეფონი

032 219 30 70

მისამართი

თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი N24 ბ, VI სართული

დაგვიკაშვირდით